გიორგი მიქაუტაძე - იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი
თუ დავდგები ფაქტის წინაშე, რომ მივიღო უსამართლო გადაწყვეტილება და კანონიერებით გავამართლო, ამას არ გავაკეთებ, – ასე უპასუხა უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ, საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის კითხვას, რას ნიშნავს მოსამართლისთვის კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
„მე უფრო იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი. როგორც მოსამართლე, თუ დავდგები ფაქტის წინაშე, მივიღო უსამართლო გადაწყვეტილება და კანონიერებით გავამართლო ეს გადაწყვეტილება, ამას არ გავაკეთებ. მოვძებნი რამე საშუალებას, რათა გადავწყვიტო სამართლიანად.
სისხლის სამართლის საქმეზე რომ მიწევდეს გადაწყვეტილების მიღება, ამას არ გავაკეთებ. გამორიცხულია, დავარღვევ საპროცესო კოდექსის ნორმასაც, შევბრუნდები, გამოვიკვლევ მტკიცებულებას, მივიჩნევ დასაშვებად და გავათავისუფლებ. ამას ცალსახად ვამბობ“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.
კანდიდატმა კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.
„მე მქონდა ერთი საქმე და კაზუსური სიტუაცია იყო. ქალბატონი იყო პენსიონერი, რომელიც სეპარატისტებმა დააკავეს და იყო საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული სამი წლის განმავლობაში.
პენსიონერმა ქალბატონმა დაბრუნების შემდეგ აღძრა სარჩელი. პენსიის შესახებ კანონი ითვალისწინებდა პენსიის მიუღებლობის შემთხვევაში შეწყვეტას. თუ გარკვეული პერიოდი, ექვსი თვის განმავლობაში არ მიიღებდა პენსიას, ჯერ ჩერდებოდა, შემდეგ წყდებოდა გაცემა. ასეთი წესი იყო და შემდეგ თუ მივიდოდა განაცხადით, იქ რაღაც პირობებს თუ დააკმაყოფილებდა განმცხადებელი, მაქსიმუმი რის ანაზღაურებასაც კანონი ითვალისწინებდა იყო ერთი წლის განაცდური პენსია. რეალურად ის ქალბატონი სამ წელს ითხოვდა. მე დავაკმაყოფილე, მივეცი სამი წელი სრულად. მივეცი ის განაცდური პენსია, რომელიც იყო ალბათ ძალან მინიმალური იმ ზიანისთვის.
შეიძლება არც ერთი კონკრეტული კანონის ნორმა მე მაშინ არ მაძლევდა ამის უფლებას, თუმცა ზოგადი განმარტება გავაკეთე და ჩემი მსჯელობა ჩამოვაყალიბე იმგვარად, რომ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ ჰქონდა და ჰქონდა ვალდებულება, თუ მან ვერ უზრუნველყო მისივე მოქალაქის უსაფრთხოება და ეს მოქალაქე აღმოჩნდა დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კეთილი ენება და გადაეხადა ის განაცდური პენსია, თუ სხვა ზიანს არ მოითხოვდა ეს ქალბატონი“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.