გიორგი მიქაუტაძე - გაგვცეს ანა დოლიძემ პასუხი, რა კრიტერიუმებით იყო შერჩეული, როდესაც პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში წარადგინა
გიორგი მიქაუტაძე - გაგვცეს ანა დოლიძემ პასუხი, რა კრიტერიუმებით იყო შერჩეული, როდესაც პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში წარადგინა

ქალბატონი ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად იყო წარდგენილი, ზუსტად ისევე, როგორც საბჭომ დღეს ათი კანდიდატი წარადგინა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„გაგვცეს პასუხი ქალბატონმა დოლიძემ, რა კრიტერიუმებით იყო შერჩეული; მიიღო თუ არა მონაწილეობა კონკურსში; იყო თუ არა ეს გამჭვირვალე პროცესი და მაშინ ჰქონდა თუ არა მას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ან სხვა არამოსამართლე წევრს ის მოთხოვნები თუ პრეტენზიები, რომლებსაც დღეს აყენებს; ერთხელ მაინც შეუფასებია თუ არა პროცესები, რომელიც ცალმხრივად, ერთი პირის მიერ, სრულიად ბუნდოვნად მიმდინარეობდა; ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა და პარლამენტს წარედგინებოდა. ეს არის სუფთა ორმაგი სტანდარტი, როდესაც მათი საქციელი უკვე ყველანაირ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს არის ცრუ ბრალდებები“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამ განცხადებით გიორგი მიქაუტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი სხვა ფორმით რომ წარმართულიყო, თავიდან აიცილებდნენ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რითაც სასამართლო სისტემის სანდოობასა და დამოუკიდებლობას ზიანი კიდევ ერთხელ მიადგა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა ალბათობას, რომ შესაძლოა, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდოს და უკან დააბრუნოს, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ თავს შეიკავებს იმ პროცესების პროგნოზირებისგან, რომელიც პარლამეტში წარიმართება.

„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, ძალიან საპასუხისმგებლო იყო და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკიდურესად აუცილებელი ნაბიჯები გადადგა, რაც უზენაესი სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. პარლამენტი როგორ მოიქცევა, ამას ალბათ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ და საშუალება გვექნება, შევაფასოთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.