გიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს
გიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს

ეს არის ისევ და ისევ პოლიტიკური საკითხი, გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, დადგენილების პროექტს, რომელიც პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა და რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არის მცდელობა, რომ საბჭომ გადაწყვეტილებები მიიღოს არა დამოუკიდებლად, არამედ გარე მითითებების საფუძველზე.

მოთხოვნა არის აბსოლუტურად არარეალური და უსაფუძვლო. მეტსაც ვიტყოდი, რომ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საკითხის დაყენება ჯეროვანი და არაჯეროვანი შესრულებისა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ასე დეტალებში არ ესმოდეთ ეს ტერმინები.

წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ ერთ გადაწყვეტილებას ადამიანმა დაუჭიროს მხარი ან უარი თქვას ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე და ამის გამო დადგეს საკითხი, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად თუ არაჯეროვნად დასრულებაზე. ეს არის ისევ და ისევ პოლიტიკური საკითხი, გაგრძელება იმ ხაზის, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ჩვენ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს ჩარევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ სწორედ ამ გარე მითითებების საფუძველზე, რისი დიდი მცდელობაც არსებობს ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი, კონკრეტული გადაწყვეტილების გამო შეირჩა. საუბარია უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაზე, რომელსაც საბჭოს აღნიშნულმა წევრებმა მხარი დაუჭირეს. მიქაუტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არამოსამართლე წევრები პარლამენტმა დანიშნა, ისინი კანონის მიხედვით მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

„ეს ადამიანები იმის მიხედვით არ არიან შერჩეულნი, კარგად ასრულებენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას თუ არა. ეს ადამიანები შერჩეულები არიან ზუსტად იმ პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომლითაც მიმდინარეობს რაღაც კამპანია საბჭოს წინააღმდეგ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით. საბჭოს არამოსამართლე წევრები ანგარიშვალდებულნი არიან არა პარლამენტის, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს.

შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

„ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.