გიორგი მიქაუტაძე - დიდი მცდელობაა, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს პოლიტიკურ პროცესებში, რასაც ჩვენ ვემიჯნებით
ლევან მურუსიძეს 4 იანვარს გასდის სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, შესაბამისად, საბჭო ვალდებულია ვადის გასვლამდე იმსჯელოს კანდიდატის თაობაზე და სწორედ ამიტომ არის დანიშნული დღეს გასაუბრება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, დღეს გასაუბრებაზე ლევან მურუსიძის გარდა დაბარებულია კიდევ ხუთი მოსამართლე.
„ლევანი მურუსიძე დანიშნული იყო სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით და საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სამწლიანი ვადა და ახლა 4 იანვარს გასდის მურუსიძეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, შესაბამისად, საბჭო ვალდებულია, ვადის გასვლამდე იმსჯელოს კანდიდატის თაობაზე. სწორედ ამიტომ არის დანიშნული დღეს გასაუბრება, არა მხოლოდ ლევან მურუსიძესთან, არამედ კიდევ ხუთ მოსამართლესთან, რომელიც ანალოგიურ პირობებშია და ეს კანონმდებლობის მოთხოვნაა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადგან ჩინჩალაძის დანიშვნა ვერ მოხდა, ახლა სურთ, მურუსიძის დანიშვნა, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია.
„ძალიან დიდი მცდელობაა, რომ სასამართლო ჩათრეული იყოს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, რასაც ჩვენ ვემიჯნებით და სასამართლო ნამდვილად არასდროს ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში. დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი გარანტია ჩაიდო იმ რეფორმებში, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა პარლამენტის მიერ. ახალი კონსტიტუციაც არის ალბათ ბოლო ეტაპი ამ რეფორმებისა და სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები რჩებიან საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატებად.
„გახმაურებული საქმე აქვს ყველას განხილული, ამის გარეშე არ არსებობს და ყველა მოსამართლეს ეყოლება უკმაყოფილო მხარეები. მათ უნდა მოიყვანონ მყარი არგუმენტები. არის მცდელობა, რომ მოხდეს პროცესის პოლიტიზირება, იუსტიციის საბჭო მოქმედებს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.