გიორგი მიქაუტაძე - არავის ვაპატიებთ სასამართლოს ტყუილებით დასვრას და შემდეგ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას
არავის ვაპატიებთ სასამართლოს ტყუილებით დასვრას და შემდეგ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ცილისწამება და ცრუ ფაქტების შემცველი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს სასამართლოდან მოხდა რაღაც დაცული ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სიცრუე და ამ განცხადების ავტორმა ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის შეთხზული ტყუილი. ეს ემსახურება კონკრეტული პირების კონკრეტულ მიზნებს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
როგორც მიქაუტაძემ განაცხადა, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, გადაამოწმოს ის დალუქული მასალები, რომელიც მისივე მტკიცებით ხელუხლებელია.
„პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს ეს მტკიცებულებები ელემენტარულად არ გაუხსნია და არ გამოუკვლევია. ბრალდებებისა და სასამართლოს სისტემისკენ ხელის გაშვერა, რომ დაცული და კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბევრი რაოდენობით შემოდის და გადის სასამართლოდან, ვერავინ მეტყვის, რომ სასამართლოდან ერთხელ მაინც გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია. ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენი რეაგირება ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება. არავის ვაპატიებთ ტყუილებით დასვრას და შემდეგ პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, ეს იქნება პოლიტიკური მიზნები, თუ კიდევ რაღაც სხვა მიზნები. არ მაინტერესებს, ვის რა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა მიქაუტაძემ.