გიორგი მიქაუტაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში ცალმხრივი და ტენდენციურია
ცალმხრივი და ტენდენციური, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსა“ და საია-ს მიერ წარმოდგენილ საბჭოს 2017 საქმიანობის ანგარიშს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ცალკეული შემთხვევები აღწერილია ისე, თითქოს ეს არის საბჭოს ყოველდღიური საქმიანობა, საბჭო ეცდება, რომ რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინოს.
„წარმოდგენილ ანგარიშში საკითხები შეფასებულია ცალმხრივად და ტენდენციურად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და არის ამ შემთხვევების განზოგადება, გაკეთებული იმდაგვარად, რომ წარმოჩინდეს, ეს ასე არის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ვფიქრობ, არასწორია. თუმცა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ყოველი ასეთი ანგარიში. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცანით, წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები და არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ და შევეცდებით, ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა“,- განმარტა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება საბჭოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნას და რეკომენდაციებს, გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ დღეს საბჭო მაქსიმალურად გამჭვირვალეა.
დღეს წარმოდგენილ ანგარიშში არასამთავრობო სექტორი ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კრიტიკული აზრის მიუღებლობას ასახელებს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, საბჭოს სხდომაზე ნებისმიერ პირს აქვს აზრის დაფიქსირების საშუალება და ის, რომ ყოველ ჯერზე საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს, ეს არ არის განსხვავებული აზრის დევნა.
არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ხარვეზები გამოავლინა.
ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრაქტიკაში სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სათანადო განხორციელება ვერ უზრუნველყო.