გიორგი მიქაუტაძე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ
გიორგი მიქაუტაძე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ

როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ამაში არავის ვეთანხმები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა – აკეთებენ თუ არა მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს.

მიქაუტაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეები, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ეს არის პასუხი მათი მისამართით დასმულ კითხვაზე და არა მოვლენების შეფასება. რამდენად ეთიკურია, მოსამართლის პასუხი პოლიტიკოსის კითხვაზე და საერთოდ უნდა პასუხობდეს თუ არა მოსამართლე პოლიტიკოსს, მიქაუტაძის თქმით, ამ საკითხზე განმარტება კანონმდებლობაში ნათლად არის გაწერილი.

„პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, თუნდაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, გარკვეულწილად არის პოლიტიკური პროცესი. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, ამიტომ იყო პოლიტიკოსების ჩართულობა ამ თემაში და მათი განცხადებები მუდმივად გვესმოდა თემის ირგვლივ. არამარტო განცხადებები, არამედ კითხვებიც. ანუ პოლიტიკოსები კითხვით მოგვმართავდნენ საჯარო სივრცეში, რომ რაღაც მოსწონდათ ან არ მოსწონდათ ან სხვაგვარად უნდოდათ, გაკეთებულიყო. ეს ხომ ფაქტია?! ამ კითხვებზე საპასუხო განცხადების გაკეთება რატომ ითვლება პოლიტიკურ განცხადებად?! ჩვენ არ ვაკეთებთ არც ერთ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ საპასუხო განცხადებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. რამდენად ეთიკურია, ხომ არ არის გადაცდომის ნიშნები და ა.შ, ამ საკითხებს ძალიან კარგად არეგულირებს მოქმედი კანონმდებლობა. თუ ვინმე ეთიკურობის ნორმებს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს, იუსტიციის საბჭოს წევრი, მოსამართლე თუ ა.შ, განხილვის საგანი უნდა გახდეს, თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.