გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძე ცდილობს, რომ პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები
როგორც მინიმუმ ალბათ არაეთიკური, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ კოლეგებს მოიხსენიებ ნარჩენებად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს წევრის ანა დოლიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, ანა დოლიძეს აქვს მცდელობა, რომ საბჭოს მუშაობის პროცესში შეიტანოს პოლიტიკა.
“თავის დროზე ძალიან პროგრესული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საკმაოდ კარგი რეფორმა გატარდა, როდესაც პოლიტიკოსებისგან განთავისუფლდა იუსტიციის საბჭო და პარლამენტის წევრები გაიყვანეს საბჭოდან. დღეს არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭოში არამოსამართლე წევრები ინიშნებიან და ირჩევიან პარლამენტის მხრიდან. პრეზიდენტის დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკური განცხადებით შეურაცხყოს კოლეგები. მთავარი კრიტერიუმია, რომ საბჭოს წევრი პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი. ნომერ პირველი მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ძალიან აქტიური პირი საბჭოში და შედეგებიც სახეზეა”, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.
ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ.