გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა
საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. გიორგი მღებრიშვილი ანკარაში თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელს დოქტორ მეჰმედ გულუოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გიორგი მღებრიშვილმა თურქულ მხარეს ტყის ხანძრების დროს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და AFAD-ის ხელმძღვანელთან, მეჰმედ გულუოღლუსთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.
„თურქულ მხარესთან თანამშრომლობის დიდხნიანი გამოცდილება გვაქვს, მათ ტყის ხანძრების დროს საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს. შესაბამისად, ახლა საქმიანი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით და ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. თურქული და ქართული მხარე უფრო აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ კომუნიკაციას. ჩვენი სამსახურისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და მათთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა სასწავლო ვიზიტები და სემინარები, ექსპერტთა, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამები. მხარეები ერთმანეთთან სამეცნიერო მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.
გიორგი მღებრიშვილმა თურქ კოლეგებთან ერთად სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და ადგილზე არსებულ სამუშაო გამოცდილებას გაეცნო.