პროკურატურის ინფორმაციით, დავით სარალიძის საქმეზე გიორგი მენაბდისთვის ბრალის წარდგენა რამდენიმე წლის შემდეგ, საქმეში გამოკვეთილმა ახალმა გარემოებებმა განაპირობეს.
პროკურორის ინფორმაციით, გამოძიება განგრძობითი პროცესია, შესაბამისად მენაბდის სტატუსი მოწმიდან ბრალდებულით შეიცვალა მაშინ, როდესაც ამ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები გაჩნდა.
„დღეს გაიმართა წინასასამართლო სხდომა. როგორც მოგეხსენებათ, მას ბრალად ედება, რომ ჩაიდინა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით. მოსამართლემ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის ამბავი და მიიჩნია, რომ ყველა მტკიცებულება დასაშვებია. ასევე, საქმეზე დაინიშნა არსებითი განხილვა. სასამართლომ გადასინჯა ბრალდების მხარის მიერ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების მიზანშეწონილობა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტაცია. 2017 წლის შემდგომ რამდენიმე პირი უკვე ბრალდებული და ზოგიერთი მსჯავრდებულია ამ საქმეზე. გამოძიება განგრძობადი, დინამიური პროცესია და საქმეში მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სავსებით დასაშვებია, რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდე მოწმის სტატუსი, მიენიჭოს ბრალდებულის სტატუსი. საქმეზე დამატებითი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა ისეთი გარემოებები რომლებიც საფუძვლად დაედო მენაბდის ბრალდებულად ქცევას. რამდენად საკმარისია ეს მტკიცებულებები ეს გამოჩნდება საქმის განხილვის ეტაპზე. ამ ეტაპზე, მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება“, – განაცხადა პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.