გიორგი მარგველაშვილი - არჩევნების დემოკრატიულობა და კონკურენტულობა გამოიხატა იმით, რომ მეორე ტური გვაქვს
გიორგი მარგველაშვილი - არჩევნების დემოკრატიულობა და კონკურენტულობა გამოიხატა იმით, რომ მეორე ტური გვაქვს

არჩევნების დღემ ძირითადში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხარვეზები, რაზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიგვითითეს, უნდა იყოს ყურადღება მიქცეული და გამოსწორებული არა როდესმე, რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.

პრეზიდენტმა გამოსვლისას მადლობა გადაუხადა როგორც ამომრჩეველს, ასევე საერთაშორისო და ქართულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

მარგველაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავუხადო, რომელთა წარმომადგენლები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი დაცული ყოფილიყო და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარებულიყო. მისასალმებელია და დემოკრატიის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ არჩევნების მეორე ტური გვაქვს. მინდა მოგიწოდოთ, მეორე ტურში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, ეს უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული პროცესისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ქართველი ამომრჩევლის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ძალების წარმატების თუ მარცხის, ამ არჩევნებზე კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

„საქართველოში ძალაუფლების წყარო ხალხია, ამას გრძნობთ და საკუთარი პოზიციის გამოხატვა არავის უნდა დაეზაროს. საერთაშორისო პარტნიორებს თხოვნით მივმართავ და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მოლოდინი მაქვს. მეორე ტური უმნიშვნელოვანესია. უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობითა და ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.