საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უვადო პატიმარი შეიწყალა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
როგორც ქორიძემ აღნიშნა, უვადო პატიმარს პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.
„გეტყვით, რომ უვადო მსჯავრდებულს ძალიან ბევრი აქვს მოხდილი. მისი საქმე არსებითად განიხილა კომისიამ, ის დებულებით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებდა და კომისიამ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ საპატიმრო დაწესებულებაში შემდგომი ყოფნისთვის გარკვეული ვადა დაედგინა. შემდგომ პრეზიდენტმა იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი და 83 პატიმარი შიწყალა.
„შეწყალების კომისია 2018 წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, რომელმაც 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. 83 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. სულ შეწყალებულთა შორის არის სამი ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდათ სასჯელი. არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულიც“, – განაცხადა ქორიძემ.