გიორგი მარგველაშვილმა ქართულ ჯარს მიმართა - პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, რადგან ხართ სიმტკიცე, რომელზეც ქვეყანა და ერი დგას
საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა და ქართულ ჯარს მიმართა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ქარული ჯარის საკითხი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მე არ ვიყრი კენჭს ამ არჩევნებზე, არც საარჩევნო კამპანიაში არ ვმონაწილეობ და ქართველი პოლიტიკოსების ყველაზე ველურმა ფანტაზიამაც ჩემს განცხადებაში პოლიტიკური შინაარსი არ უნდა დაინახოს. დღეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავ საზოგადოებას. ვადევნებ რა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მაქვს მოლოდინი, მიმდინარე საარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის შემაშფოთებელი ნიშნები დავინახე და ვიდრე ვიქნები პრეზიდენტი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, პრეზიდენტი და უმაღლეს მთავარსარდალი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის შემაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ჯარის თემაზე იყო საუბარი.
„დღეს იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც იარაღით ხელში ჩვენს ქვეყანას იცავს და აგრძელებს ტრადიციას, რომელმაც საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა. მინდა, მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და პროფესიონალიზმის მეშვეობით მოქალაქეების დაცვაში. არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე. ქვეყნის სუვერენიტეტი არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე იყო და იქნება დაფასებული, ამის თაობაზე კითხვები არ დაისმევა. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის. ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, იცოდეთ, რომ საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლოდ და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და მადლიერები არიან ამისთვის. ამ ნაწილში მინდა, რომ პოლიტიკური მღელვარება თქვენ არ გადაგედოთ, რადგან თქვენ ხართ სიმტკიცე, რომელზეც ქვეყანა და ერი დგას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.