გიორგი მარგველაშვილმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობა დაიწყოს
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად მიმართა, დაიწყოს ერთობლივი მუშაობა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის აშშ-დან თბილისში დაბრუნების შემდეგ გაგრძელდა კონსულტაციები მხარდამჭერებთან, სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან, ასევე, შედგა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული და ამერიკული ვიზიტების ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, მათ შორის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის შემუშავების ინიციატივა, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები მხარდამჭერებთან, სენატორებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან. ასევე გვქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღეს უკვე პრეზიდენტმა ოფიციალურად შეატყობინა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივის დეტალების და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ, გამოთქვა სრული მზადყოფნა კონსულტაციებისთვის.
იმ ვითარებაში, როცა დღეს რუსული რევიზიონიზმი გადადის ახალ ფაზაში, ცივი ომის დინამიკის ფაზაში, როდესაც კონსოლიდირებულია დასავლეთი, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მნიშვენლოვანია გააზრება, რომ საქართველო საკვანძო ადგილია, როგორც რეგიონალური, ისე ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. შესაბამისად, ასეთი ინიციატივის განხორციელება იქნება დროული და ადეკვატური პასუხი გაზრდილ გამოწვევებზე“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.