გიორგი მარგველაშვილმა ექიმები დააჯილდოვა - თქვენ ბრძოლის ველზე გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის ბოლო იმედი ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები დააჯილდოვა.
გორში, ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ათი წლის წინანდელ მოვლენებში ექიმების მიერ გამოჩენილი ღვაწლი საზოგადოებას იმედს აძლევს.
„იმ ტრაგედიას დარდით ვიხსენებ, რომელიც ყველამ 10 წლის წინ გადაიტანა. ბუნებრივია, ეს პერიოდი სავსეა მძიმე მოგონებებით. დღეს, პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის თავისი სიცოცხლე არ დაიშურა. ეს ადამიანები ახალ გზაზე არ დამდგარან, მათ ის გმირობა გაიმეორეს, რომელიც ათობით, ასობით, ათასობით, ასიათასობით ჩვენს თანამემამულეს ჩაუდენია და განუხორციელებია საუკუნეების განმავლობაში. დღეს ყველა იმ ადამიანს მადლობას ვეუბნებით, ვინც იარაღით ხელში ბრძოლის ველზე იდგა, ვინც საინფორმაციო ომს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ ბრძოლას აწარმოებდა, ჩვენს ჟურნალისტებს, ასევე მადლობას ვეუბნებით იმ მოქალაქეებს, ვინც ორი თვის ოკუპაციის დროს იმედი და სასოება არ დაკარგა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა ექიმებს გადაუხადა.
„განსაკუთრებით, დღეს მადლობას გეუბნებით თქვენ, ექიმებს, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი, გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის. თქვენთან ადამიანები იმ იმედით მოდიან, თქვენ რომ დაგინახავენ, მათი ბედი გადაწყვეტილი და გადარჩენილია. თქვენ ბრძოლის ველზე სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავთ. ათი წლის წინანდელ ამბებში თქვენი საქმიანობა, ღვაწლი ამაღლებული და აღმაფრთოვანებელია, რაც იმედს გვაძლევს“, – დასძინა პრეზიდენტმა.