გიორგი მარგველაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი მარგველაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, თბილისში გამართულ დასუფთავების აქციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო.

პრეზიდენტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. აქციაში ასევე, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სამხედროები, მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია.  მადლობა ესტონელებს, რომლებმაც 10 წლის წინ დაიწყეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს. მოვუწოდებ ყველას, ჯერ კიდევ დღის დასაწყისია, ბუნებრივია შეიძლება ასეთ აქციას ვერ შეუერთდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის წინ, საკუთარ ეზოს იქნებ ხელი შევავლოთ და ამით გავხადოთ უკეთესი ჩვენი გარემო. მიხარია, რომ ასეთ აქციაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობა მახარებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

15-16 სექტემბერს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია  – „დავასუფთაოთ მსოფლიო“  (Clean Up the World) ტარდება, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და  ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

„დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქვეყნები, რომლებიც კამპანიას შეუერთდნენ და ყოველწლიურად მონაწილეობენ სექტემბრის აქციებში. საქართველო, აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე აღინიშნა.

2018 წლის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მოწოდებაა – Beat Plastic Pollution- „შევამციროთ პლასმასით დაბინძურება“ .