გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განვლილი სამი წლის განმავლობაში, საქართველომ და ბელარუსმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით და ერთობლივად მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რაც სავაჭრო და ეკონომიკურ მაჩვენებელზე დადებითად აისახა.

„დღეს ჩვენი პარტნიორობა ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები დღითიდღე ღრმავდება.

ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით 24%-ით, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი კი, 29% -ით გაიზარდა“, –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ხელს შეუწყობს ამ დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით გამოყო შეთანხმება ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც, მისი განცხადებით, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ და ბელარუს ხალხს და  უკვე არსებულ კავშირებს განამტკიცებს. ეროვნულ ბანკებს, საპარტნიორო ფონდსა და ბელარუსის ბანკს შორის დადებული შეთანხმებები კი, ეკონომიკური კავშირების განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს სურს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები პარტნიორებს გაუზიაროს. დელეგაციებმა იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება იძლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნების ურთიერთობის, წარმატებული მაგალითია.

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,  პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა უკვე გაიმართა.