გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებები განიხილა
საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა დღეს ნატო-ს სამიტის ფარგლებში ბრიუსელში, ნატო-ს ახალ სათავო ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევთან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან მიმართებით განსახილველ საკითხებს: უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებსა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თანამშრომლობას.
როგორც პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას განუცხადა, საქართველოს მოლოდინები ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საქართველოს უმაღლეს დონეზე ფორმატებში მონაწილეობას უკავშირდებოდა, რაც, მისი თქმით, ხელისუფლების მუშაობის შედეგად, დღეს უკვე მიღწეული და გადაწყვეტილია, რომ 12 ივლისს ნატო-ში სახელმწიფო მეთაურთა დონეზე იქნება შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის კონკრეტულად შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პრობლემატიკას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის და რუმენ რადევი საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.
ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველო მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ბულგარეთთან, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი, ნატო-ში საქართველოს მისიის წარმომადგენელი.