გიორგი მარგველაშვილი - ვურჩევ მთავრობას, დადგნენ იმ ემოციის და სულისკვეთების ირგვლივ, რასაც ჰქვია რუსეთის ოკუპაციის მიუღებლობა
მინდა, მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან”, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, ქართველი პატრიოტების ქუჩაში დევნას და ქუჩაში მათ მიმართ სროლას და ისეთი იარაღის გამოყენებას, რის შედეგადაც, დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც გუშინ აქცია გაიმართა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, გუშინ, ისევე როგორც 30 წლის წინ, პარლამენტის შენობასთან დაიღვარა სისხლის რუსეთის ინტერესების გამო.
„არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა და მათი ინტერესების წინააღმდეგ დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ, დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესები. 30 წლის წინ, აქ, იდგნენ ქართველი პოლიციელები, მილიციელები მაშინ და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. დღემდე მათი მადლობელი ვართ. 30 წლის წინ, მომდევნო დღეს, აი აქ, დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიციელებს და „ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და ძალადობისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.
„როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, ვინც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, იცავენ საქართველოს ღირსებას, იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე. მინდა, ასევე მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან”, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, ქართველი პატრიოტების ქუჩაში დევნას და ქუჩაში მათ მიმართ სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც, დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს დაზარალებულია, დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ.
არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს და არ არის ჩემი საქმე დღეს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება. ამ მოთხოვნებს აყენებს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რასაც ჰქვია – „საქართველო რუსეთს არ მიიღებს”, საქართველო არ შეეგუება რუსების ოკუპაციას, საქართველო არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს ქართულ პარლამენტში. ეგ არის ჩემთვის მთავარი, დანარჩენი დეტალები ოპოზიციამ თვითონ გაარკვიოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ გასცა პასუხი იმას, რომ ცდილობდნენ შეეპარებინათ რუსული ნარატივი საქართველოს პარლამენტში.
„აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ დეტალურად გავარჩიო – ჟურნალისტები რომ გამოუშვეს კანონიერი იყო? დეპუტატები რომ არ შეუშვეს კანონიერი იყო? შეჭრის მცდელობა კანონიერი იყო? – არ არის ეს დეტალები ჩემთვის საინტერესო დღეს. დღეს არის რეალობა, რომ საქართველოს ახალგაზრდობამ დაიცვა ჩვენი ღირსება და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს ახალგაზრდობა და დავიცვათ ის ემოცია, რომელიც ამ ქვეყანას აძლიერებს. დღეს საქართველომ გასცა პასუხი იმას, რომ ცდილობდნენ შემოეპარებინათ რუსული ნარატივი საქართველოს პარლამენტში.
ვურჩევ მთავრობას, დადგნენ იმ ემოციის და სულისკვეთების ირგვლივ, რასაც ჰქვია რუსეთის ოკუპაციის მიუღებლობა. ამ ღირსების დასაცავად იყო გუშინ გამოსული ახალგაზრდობა ქუჩაში.
ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართული საზოგადოება და იმ ღირებულების დასაცავად, რასაც აქ, 30 წელია, ვიცავთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.