გიორგი მარგველაშვილი - ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ქალბატონ წულუკიანზე
ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ქალბატონ წულუკიანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იცნობს მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ბატიაშვილს და მას დადებითად ახასიათებს.
„მინისტრთა კაბინეტი ჩვენ წარვადგინეთ კომენტარის გარეშე. მე ორ მინისტრთან ერთად ვიყავი სამიტზე და ხაზგასმით, მადლობა მინდა ვუთხრა ორივე უწყებას და მინისტრებს, როგორც საგარეოს, ასევე თავდაცვას, რადგან სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი და ასეთი მიღწევა ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.
მინდა, დადებითად გამოვეხმაურო ასევე მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრად დასახელებას. ვიცი, რომ შეიძლება მისი სახელი მაინც და მაინც ცნობილი არ არის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ მე ვიცნობ, მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე და მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს, მას ექნება წარმატება ამ მიმართულებით.
რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მარტივად ვდგავარ იმ პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიური ნაწილია და აქ მინისტრის წვლილი გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ერთი თის წინ ვისმენდით რუსთაველზე, არ არის მარტო სარალიძის საქმე ეს იყო ათობით ადამიანის ტრაგიკული საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება ან პროკურატურასთან ან შსს-სთან. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით რადიკალური ზომები იყო გასატარებელი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.