გიორგი მარგველაშვილი - ვისურვებდი, ეს არჩევნები არა ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ ერთიანი ღირებულებების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს
გიორგი მარგველაშვილი - ვისურვებდი, ეს არჩევნები არა ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ ერთიანი ღირებულებების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს

ამ არჩევნებმა ქვეყანა უნდა გააძლიეროს ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ მაგისტრატურის კურსდამთავრებულების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი სურვილია, არჩევნები არა ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და ამავე დროს, ერთიანი ღირებულების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს.

„არ შემიძლია, არ შევეხო არსებულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დემოკრატიული პროცესი და ამ პროცესის ყველაზე სერიოზული კულმინაცია – არჩევნები თავისი შინაარსით არის ძალიან საინტერესო, რადგან ამ პროცესში მიმდინარეობს ჭიდილი, დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა ძლიერი უნდა გახადოს.

ვისურვებდი, ეს არჩევნები არა საზოგადოების პოლარიზაციის, ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და ამავე დროს, ერთიანი ღირებულების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მთავარი სამუშაო, რომელსაც ამ 5 წლის განმავლობაში ვახორციელებ, სწორედ ამის მცდელობა იყო, რომ განსხვავებების მიუხედავად, შეგვექმნა ერთიანი ღირებულებების სივრცე. სამწუხაროდ, ეს არ არის ყოველთვის ადვილი და მინდა, რომ თქვენი მოღვაწეობა, მომავალი პროფესიონალების მოღვაწეობა ამ ქვეყანაში იყოს სწორედ ამ ერთიანი სივრცეების ძიებისკენ მიმართული.

ამ არჩევნებმა ისევე როგორც ნებისმიერმა არჩევნებმა, ქვეყანა უფრო უნდა გააძლიეროს სწორედ განსხვავებულობის, ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.