გიორგი მარგველაშვილი - ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას მივაღწევთ
ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაზე მნიშვნელოვანი სამიტის წინ პოზიციები შეაჯერეს.
„შევიკრიბეთ იმისათვის, რომ შეგვეჯერებინა პოზიცია უმნიშვნელოვანესი სამიტის წინ, იმ სამიტის წინ, რომელზეც კიდევ ერთხელ უნდა გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ამ თვალსაზრისით, მოგახსენებთ უკვე მიღწეულ წარმატებაზე – ჩვენი ერთობლივი მუშაობის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, რომლებსაც არაწევრი ქვეყნები ესწრებიან, საქართველო იქნება წარმოდგენილი. ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. საქართველოს თაობაზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატო-ს ქვეყნების ლიდერები. ველოდებით ამ შეხვედრების და ორმხრივი შეხვედრების შედეგად, რომლებიც დაგეგმილია სამიტის ფარგლებში, რომ ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მივიღოთ ამ სამიტზე და რას ნიშნავს პროგრესის სათანადოდ ასახვა.
„რანაირადაც იქნება პროგრესი დაფიქსირებული მთავარ კომუნიკეში, რომელსაც ნატო წარმოადგენს იმ ფორმატებში, რომლებიც იცით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. ამ დეტალებს, როგორ და რა ჩაიწერება, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა და ჯერ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი განიხილეს.