გიორგი მარგველაშვილი - უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს
უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ასეთი საბჭოს შექმნა ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს და, უბრალოდ, ოპოზიციური პარტიების გამსხვილება უნდა მოხდეს.
„ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარტიების გამსხვილება, ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ალტერნატივასაც. მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ პარტიებს და მესამე ცენტრს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაონ.
„გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტით. ასე გაგრძელება შეუძლებელია. დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი. ასეთი უნდობლობის ფონზე სახელმწიფოს მართვა ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.