გიორგი მარგველაშვილი - თეორიები, რომ რუსეთიდან შემოდიან დივერსანტები, აბსოლუტურად უხერხემლოა, შეხედეთ მთავრობას, რომელიც თქვენ გმართავთ, ამაზე მეტი დივერსანტის შემოშვება რაში სჭირდება პუტინს
გიორგი მარგველაშვილი - თეორიები, რომ რუსეთიდან შემოდიან დივერსანტები, აბსოლუტურად უხერხემლოა, შეხედეთ მთავრობას, რომელიც თქვენ გმართავთ, ამაზე მეტი დივერსანტის შემოშვება რაში სჭირდება პუტინს

საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, თეორიები, რომ რუსეთიდან შემოდიან დივერსანტები, რომ პუტინს სჭირდება რამე მიზეზი, საქართველოს თავს დაესხას, რომ პუტინი ამ ხალხს უშვებს იმისთვის, რომ აქ არეულობა მოაწყონ, აბსოლუტურად უხერხემლოა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, „რუსეთის პრეზიდენტს მიზნად თუ საქართველოს ოკუპაცია აქვს, ამას არ სჭირდება 200 ათასი კაცის საქართველოში შემოშვება“.

„გლობალურ ვითარებას თუ უყურებთ, პუტინს აღარანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება, რათა რამე აქცია განახორციელოს. არავითარ ფორმალურ და პოლიტიკურ საფუძვლებს არ ეძებს. თუ პუტინს მიზნად აქვს საქართველოს ოკუპაცია, ამას არ სჭირდება 200 ათასი კაცის შემოშვება. რა დივერსანტებზე ლაპარაკობთ და რას იტყუებთ თავს, რომ პუტინს საქართველოში სჭირდება დივერსანტი და თურმე რუსი „შპიონები“ უნდა შემოიყვანოს ამ საწყალი ველოსიპედისტების სახით. ჩართეთ ტელევიზორი და შეხედეთ თქვენს მთავრობას, რომელიც თქვენ გმართავთ. ამაზე მეტი დივერსანტის შემოშვება რაში სჭირდება ვლადიმერ პუტინს, მაინტერესებს. იმისთვის, რომ ამათი აწყობილი რუსული საქმე, იმ საწყალმა ველოსიპედზე მჯდომებმა არიონ? ნუ შეხვალთ ამ პანიკაში. ნუ ხართ ამით შეშინებული, შეშინებული იყავით იმით, ვინც ზის ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში და რა მიმართულებით მიჰყავს საქართველო. ამან შეგზაროთ და შეგაშინოთ და არა ვიღაც რუსმა, რომელიც უბედური გამოიქცა სხვა ქვეყნიდან.

ყველაფერს რომ თავი დავანებო, ჩემთვის განსაზღვრება იმისა, რომ ლტოლვილი, ომისგან და სიკვდილისგან რომ მოდის ადამიანი, იმას როგორ უნდა გადავუარო და ცუდად მოვექცე. ეს ქვეყანა შექმნილია ილია ჭავჭავაძის პრინციპებზე, რომელმაც თქვა, რომ ეს ქვეყანა არის ყველა ლტოლვილის და ჩაგრულისთვის სავალი. ახლა რაღაც მედიდურად გამოდიან და ამ უბედურ ხალხზე საუბრობენ, რომ რაღაცნაირად ესენი უნდა გააჩერონ და პარლამენტში სხედან იმ მთავრობასთან ერთად, რომელსაც ეძახიან მოღალატეობრივს და იმათთან ერთად კანონპროექტი უნდა დაწერონ, როგორ გააჩერონ რუსი ველოსიპედისტი, რომელმაც თურმე საქართველო უნდა არიოს. ადეკვატურობა რაღაცას ხომ ნიშნავს.

საქართველოში დღეს ყველა პრობლემა არის მეორადი, გარდა ერთი პოლიტიკური მიზნისა, რომელიც არის სასწრაფოდ განსახორციელებელი, ეს არის ხელისუფლების შეცვლა. სხვა ყველა დეტალი, ლუკაშენკო სად ჩავიდა, რამდენი რუსი გადმოვიდა… გასაგებია, რომ შეიძლება, ჰუმანიტარული კატასტროფა იყოს, ამიტომ, ქვეყანამ უნდა გაზომოს, რამდენია ამ გაუბედურებული, შეშინებული ადამიანების მიღების შესაძლებლობა და ვთქვათ, ამდენს მივიღებთ, ამის შემდეგ ვკეტავთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.