გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი მედია და თავისუფალი ბიზნესი დაცული უნდა იყოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტელეკომპანიის „იბერია“ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.
პრეზიდენტმა ტელეკომპანიის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ბოლო პერიოდში „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს, როგორც თავისუფალი მედია, ასევე თავისუფალი ბიზნესი.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი სრულიად იზიარებს მოსაზრებას, რომ დასაცავია არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვა, არამედ ადგილობრივი ბიზნესიც.
„ძალიან მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს სწორედ ასეთი შეხედულება აქვს, რადგან სრულიად ვიზიარებ მის მოსაზრებას. გვითხრა, რომ მისი შესაძლებლობებისა და უფლებამოსილების ფარგლებში ეცდება, დაარწმუნოს ოფიციალური სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ ბიზნესის პატრონობა და მიხედვა, რომ კი არ უნდა ძარცვონ ბიზნესი, არამედ უნდა გაუწიოს მას ანგარიში“, – განაცხადა ელიაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნათელია, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელზეც დგას თავისუფალი საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფო – სიტყვის თავისუფლება და ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა, იყოს დაცული და ყოველგვარი მანიპულაციები ამასთან მიმართებაში იყოს გამორიცხული.
„არავისთვის სადაო აღარ არის რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობენ, საუბრობენ და პოზიციებს აფიქსირებენ, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები თუ სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესი. მომუშავე ბიზნესის უკან კი, დგას რამდენიმე ასეულობით ადამიანი და მათი ოჯახები და დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ამდენი ადამიანის უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დატოვება ასევე ძალიან სერიოზული ტვირთია სახელმწიფოსთვის.
ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქმედებების და ნაბიჯების დაგეგმვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც მედიის თავისუფლება, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების ფინანსური უსაფრთხოების საკითხი, რომელებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები აქ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.