გიორგი მარგველაშვილი - სწორედ გაერო გახდა ორგანიზაცია, რომელმაც მთელ კაცობრიობას ამცნო, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
სწორედ გაერო გახდა ორგანიზაცია, რომელმაც თქვა საქართველოს მდგომარეობის შესახებ და მთელ კაცობრიობას ამცნო, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პოლიტიკაში გაერო-ს მნიშვნელობასა და როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან დიდი ენთუზიასტი ვარ, როდესაც საქმე ეხება გაერო-ს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისმის კითხვები მის ეფექტიანობაზე. გაერო-მ თავისი არსებობის მანძილზე, აჩვენა საკუთარი როლი, თუნდაც ის, როგორ გამოვედით ცივი ომიდან.
ვფიქრობ, არანაირად არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ორგანიზაციამ თავის ფუნქცია არ შეასრულა და დღესაც, როდესაც საქართველო ასეთ რთულ ვითარებაშია და ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლეს უწყვეტენ, სწორედ გაერო-ში მივიტანეთ ეს და სწორედ გაერო გახდა ის ორგანიზაცია, რომელმაც თქვა ჩვენი მდგომარეობა და მთელ კაცობრიობას ამცნო, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მოუწოდა, ნუ გაზომავენ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მხოლოდ იმის მიხედვით, სად შეუძლიათ მათ ძალისა და ცეცხლის გამოყენება. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი.
საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს პლატფორმის – „დიალოგი მომავალ თაობასთან“ ფარგლებში ხვდება.