გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას არმენ სარქისიანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება.
„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
სომეხმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.