გიორგი მარგველაშვილი - შეწყალების წესში ცვლილება არ ნიშნავს, რომ ყველა ნარკოდანაშაულზე ბრალდებული გათავისუფლდება
არაძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების კომისიისთვის მიმართვის პროცედურა გამარტივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების წესში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ნარკოდანაშაულზე ბრალდებული გათავისუფლებული იქნება.
„ეს არც იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც არაძალადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, შევიწყალებთ, არამედ ეს პროცედურის გაიოლებას ნიშნავს. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა, უბრალოდ არ ესმით, რა დოკუმენტი შეიქმნა.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მათთვის ვისაც ბოლომდე არ ესმის რაზეა საუბარი, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია და რამე შეზღუდვა დაიწესა. პრეზიდენტის უფლება შეიწყალოს მსჯავრდებული, აბსოლუტურად თავისუფალია და არც ამ აქტით არანაირად არ არის შეზღუდული. ეს შეწყალების აქტია, რომელიც სპეციფიკურად შეწყალების კომისიას ეხება. არაძალადობრივ დანაშაულზე, იქნება ეს ნარკოტიკული თუ სამოხელეო, შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს იმ რწმენით, რაც მათ აქვთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, შეწყალების წესში შედის ცვლილება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელიც არაძალადობრივი დანაშაულია, რომელიც არ არის ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.