გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების შემდეგ, ყოველთვის ვიდექით მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას
თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ამ შეხვედრის ჩასატარებლად ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც დაინახეს ჩვენმა მეგობრებმა და იმ ადამიანებმაც, რომლებიც მაინცდამაინც არამეგობრული თვალით უყურებენ ჩვენს ქვეყნას, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას.
„მართლაც რთულ ვითარებაში, პერიოდსა და რეგიონში შევიკრიბეთ. ჩვენს წინაშე არის გამოწვევები, რომელიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ყოფის ხარისხს, რომელიც საშიშროებას უქმნის იმას, რასაც ცივილიზებული სამყარო ამკვიდრებდა და ამკვიდრებს. ის გამოწვევები, რაც არის ალიანსის წინაშე, რაც არის იმ ქვეყნების, ხალხებისა და საზოგადოების წინაშე, რომლებიც თავის განვითარების გზად თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სხვათა პატივისცემა აღიარა – ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ უაღრესად კოორდინირებული პასუხი. საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ეს პასუხისმგებლიანი მიდგომა გლობალური მშვიდობის მიმართ ჩემმა ქვეყანამ გამოავლინა დაახლოებით 20 წლის წინ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის იდგა მოკავშირეებთან ერთად და იცავდა გლობალურ სტაბილურობას.
„26 წელია, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და იმის მერე, რაც რეალურად შეიქმნა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ყოველთვის ვიდექით მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას. დღესაც ქართველი ქალბატონები და მამაკაცები ფორმაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და მე კიდევ ერთხელ მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან მათ მადლობა ვუთხრა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპაცია რეალურად არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანების დასაწყისში.
„საქართველო ამავე დროს არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული მისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ, რომელშიც ჩვენ გვყავს დევნილები, ადამიანები, რომლებიც თავიანთ სამშობლოში მარტო იმიტომ, რომ მათი ეროვნება არის ქართული, ამ ნიშნით არიან დევნილები და იძულებით გადაადგილებულები. ამ ურთულეს ვითარებაში ვითარდება ჩემი ქვეყანა ბოლო 25 წელია. საქართველოს ოკუპაცია რეალურად არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანების დასაწყისში და ამ ოკუპაციას ჰქონდა ის ფორმა, რასაც ჩვენ დღეს ვიცნობთ უკვე როგორც ჰიბრიდულ ომს. ამ ომში დაიღუპა არა ერთი ჩემი თანამოქალაქე და ასი ათასობით ადამიანი გახდა დევნილი. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ნაწილები არის ოკუპირებული, როდესაც ხალხი არის დევნილობაში – ჩემი ქვეყანა ბოლო 26 წელია მიზანმიმართულად ვითარდება როგორც დემოკრატია, ვითარდება თავისუფალი საზოგადოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, ეს ყოველივე არის ფასი, რომელიც ჩვენ ამ თავისუფალი არჩევანისთვის გადავიხადეთ. დღესაც ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას, რათა არ გავაღრმაოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთ-ერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშნებელობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო ფართოდ და უფრო მშვიდობიანად განვითარდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.