გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი რეგიონალური უსაფრთხოების წინაპირობაა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი რეგიონალური უსაფრთხოების წინაპირობაა

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა – “თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”.

გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას უწევდა მოდერაციას, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულზე ქართველი ხალხის სიხარულის გაზიარებისა და იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ევროპელი ლიდერები საქართველოს მიმართ იჩენენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

„ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს, აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და ის, როგორც დაიწყეს მათ ახალი ქვეყნის შენება, იყო გაგრძლება იმ ისტორიული არჩევანისა, რომელიც ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია.

ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლური სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე პოლიტიკური სტაბილობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები.

თუმცა, ისტორია დრამატულად განვითარდა. პირველი რესპუბლიკის არსებობა სულ სამ წელს გაგრძელდა და რუსეთის იმპერიის სახეცვლილმა ვერსიამ, საბჭოთა არმიამ ხელახლა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ 70 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი ხალხი იბრძოდა იმისთვის, რომ ისევ ხელახლა აღედგინა დამოუკიდებლობა.

„დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, მაგრამ ჩვენ წინაშე საბჭოთა კავშირის დაგნრევისთანავე გაჩნდა ახალი პრობლემები, რომლებიც მოდიოდა ისევ ძველი მისამართიდან და ეს მისამართი იყო – მოსკოვი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, რაც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ნათელი განაცხადი, რომ თავის თავს დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანად ხედავს, მაშინვე მოხდა ინსპირაცია იმისა, რასაც დღეს ჩვენ 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, ჰიბრიდულ ომს ვეძახით.

ეს ჰიბრიდული ომი დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ხოლო 2008- ში ამ ომმა ახალი ფორმა მიიღო და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უკვე რეგულარულმა რუსულმა არმიამ მოახდინა.

დღეს, როდესაც ჩვენ ვდგევართ მშვიდობიანი, სტაბილური ევროპის მშენებლობის საკითხის პირისპირ ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სტაბილურობა, საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს უსაფრთხოების გადაწყვეტა რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ არჩევანს საქართველო სრული თავდადებით ემსახურება.

„ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა დამოუკიდებლობის მერე საქართველოში, პროდასავლური და პროევროპული კურსის მომხრე იყო. მთელი იმ გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გარღმავების თვალსაზრისით.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ჩვენს მოკავშირეების გვერდით ვდგევართ, წლების განმავლობაში, ურთულეს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავის მომავალი და გააჩნია გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად.

დღეს თქვენი აქ ყოფნა პატივცემულო დელეგაციების ხელმძღვანელებო, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენს მეგობარ და ჩვენს ღირებულებით მხარდამჭერ ქვეყნებად ხართ წარმოდგენილი, მარტივად მაძლევს იმის გარანტიას,იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა იქნება წარმატებით გავლილი და ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, უფრო დაცულ სამყაროს.

რისთვისაც ჩვენ, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება, ბოლომდე მოწოდებული ვართ. კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის დისკუსიისას.