გიორგი მარგველაშვილი - საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, არ არის ის იმიჯი, რისთვისაც გვაფასებენ და გვიცავენ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნარკოტიკული საშუალებების მწარმოებელი ქვეყნის იარლიყი არ უნდა მიეწეროს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არ არის ის იმიჯი, რისთვისაც გვაფასებენ და გვიცავენ.
„არსებულ პოლიტიკურ დებატებში ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა ჩვენს საზოგადოებაში, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე.
საზოგადოებამ იცის და მე ეს არაერთხელ განმიცხადებია, რომ ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. არა მარტო პოლიტიკური განცხადებები გამიკეთებია, არამედ არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა ისხდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე – პირველი ეს არის ის, რომ თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას. სავარაუდოდ, ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი.
მეორე – საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა – ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, რისთვისაც ჩვენ გვაფასებენ და რის გამოც ჩვენ გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანას, ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალებების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.