გიორგი მარგველაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი 62 პროცენტი არის ფაქტობრივი პასუხი კითხვაზე, რა იქნებოდა, თუ მე ვიყრიდი კენჭს
„ქართულ ოცნებას“ ხუთი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი, რა იყო გასაკეთებელი და სად იყო შეცდომები, ეს მისია დავამთავრე, ახლა თავად წაიკითხონ გზავნილები, რომელიც საზოგადოებამ მისცა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რა უთხრა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგებით, რომელიც ცესკო-მ გამოაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მისი განცხადებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან წლების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკა ესმოდა.
„ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და მცდარი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ უკვე პარტია „ქართულ ოცნებას“. მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე. ახლა თავად შეძლონ და წაიკითხონ გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ. ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი. ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ამის გამო, მესმოდა კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას შეცვლიდა საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის კენჭისყრა, პრეზიდენტი პასუხობს, რომ დღეს დახარჯული ფინანსების ნახევრითა და იმ ფონზე, როცა არც ერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა „ქართულ ოცნებას“ არ ეკუთვნოდა, 2013 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით 62 პროცენტიანი შედეგი დაიდო.
„ისტორიაში ჰიპოტეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, არის რეალური წარსულიც – 2013 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმის ნახევარი ფინანსური რესურსით, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ხოლო არც ერთი გამგეობა, რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია – 62 პროცენტი. შესაბამისად, ეს არის ფაქტობრივი პასუხი, რა იქნებოდა. დანარჩენი ჰიპოტეტურია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.