გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას, მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს.
გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
,,ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, ნება მომეცით გამოვხატო თანადგომა ბერძენი ხალხის მიმართ და გამოვთქვა ღრმა მწუხარება საბერძნეთში გაჩენილი საზარელი ხანძრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს მიაყენა ზიანი. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ამ მომენტში, ჩვენ ვლოცულობთ ბერძენი ხალხისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგიკულ ვითარებაში და ასევე ჩემი სახელით დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვოთ.
შეგიძლიათ მთელი საქართველოს თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.
საბერძნეთში, დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.