საქართველოს მოწოდება და ორიენტაცია ურყევია და ტრიალებს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისა და თემის ირგვლივ, პირველი არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი და ნება, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამ პროცესს ქართული მთავრობები ახორციელებენ დიდი მოწოდებითა და დიდი ერთგულებით, – ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია წარმატებები, რასაც ქართული მხარე ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით აღწევს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მაღალი ხარისხითა და ინტენსივობით ვითარდება.
„ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომელიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზი არ გავუსვა მათ უდიდეს ღვაწლს, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. დიდება ჩვენ თანამემამულეებს, ვინც ბრძოლის ველზე, ამ ღირებულებებზე თავისი სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დატოვა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არსებობს შემაფერხებელი ფაქტორი.
„საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შემაფერხებელი ამ განვითარების, რა თქმა უნდა, არის უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლო კონტექსტში და საერთოდ, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს ქმნის. რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აწარმოა მიზანმიმართული დაპყრობითი ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ კარგად გვახსოვს, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო რეგულარული არმია, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მოახდინა ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაცია. ხაზს ვუსვამ, ეს იყო რეგულარული შემადგენლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგიურად, 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ის, რასაც შემდეგ 2008-ის მერეც, 2014-დან ფაქტიურად ჩვენ ყველა შეთანხმებულად ვეძახით ჰიბრიდულ ომს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჰიბრიდული ომი მოისინჯა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში, მოხდა მისი შესაძლებლობების დახვეწა, უფრო ეფექტიანად გამოყენების დახვეწა ბრძოლის ველზე.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 90-იან წლებში ახალ ქართულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც ფეხს იდგამდა, თავის იდენტობას თანამედროვე მსოფლიოში ადგენდა, იმ მომენტიდან სამხედრო ძალის მეშვეობით, სწორედ ჰიბრიდული ომის მეშვეობით, საქართველოს ევროატლანტიკური, დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერება ხდებოდა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად 2008 წელზე საუბრობენ, როგორც თითქოს, რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს ასე არ არის და თითქოს, რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ჰქონდა გადაწყვეტილი ნატო-ში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება. ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც ძალიან აქტიურად მუსირებდა, მაგრამ რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, 2008 წელს იყო ერთ-ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ, რეალურად რუსეთის პასუხი საქართველოს თავისუფლებასა დამოუკიდებლობაზე არის სამხედრო აგრესია.
„ასეთი სამხედრო აგრესია არ განხორციელებულა მხოლოდ საქართველოში. ასეთი სამხედრო აგრესია შემდეგ განხორციელდა სრული მასშტაბით უკრაინაში, როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მიზნები, რაც ამოძრავებდა და ამოძრავებს რუსულ სახელმწიფოს თავის მეზობლებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს იგივე გამოწვევებია – რუსული სამხედრო მანქანა და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროპაგანდისტული მანქანა აქტიურია უკვე არამარტო საქართველოში, უკრაინაში და იქ, რასაც რუსული სახელმწიფო ახლო სამეზობლოს უწოდებდა, არამედ აქტიურია ფაქტიურად უკვე ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
„ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარეც ჩვენ უნდა დავსახოთ სამოქმედო და სამომავლო გეგმები. პროპაგანდასთან მიმართებით უმნიშვნელოვანესია, გავიაზროთ, რომ დღეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ყოველთვის წინაპირობაა ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენის, არის თავის განვითარების აგრესიულ ფაზაში. როდესაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟზე ვფიქრობდით მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბჭოთა კავშირის დასრულების, ვარშავის პაქტის დასრულების და კრახის შემდეგ 25 წლისთავზე, საბჭოთა იმპერიის ნარჩენი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იქნებოდა პროაქტიული თავის პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ამ პროაქტიულობას სჭირდება ადეკვატური და ორგანიზებული პასუხი. შესაბამისად ასეთი შეკრებები მშვენიერი ფორუმია ამ პროპაგანდისტული მანქანისთვის პასუხების ჩამოსაყალიბებლად. ეს უნდა იყოს ფუნდამენტი ერთიანი პოზიციის, ერთიანი მესიჯის, ერთიანი გზავნილის, ყველა იმ ქვეყნის კონსოლიდაციისთვის, რომელსაც სჯერა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ერის უფლების, თვითონ განსაზღვროს თავისი მომავალი, სჯერა, რომ ერთა შორის ურთიერთობა უნდა წარმოებდეს არა სამხედრო აგრესიის, არამედ თანამშრომლობის ფონზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ღირებულებებისა და გზავნილების ირგვლივ გაერთიანებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რათა საზოგადოება იყოს უფრო დარწმუნებული, მეტად ზურგგამაგრებული, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.