გიორგი მარგველაშვილი - ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ექსპორტირებული „ნაციონალები“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. პრეზიდენტს სტუდენტები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კითხვებს უსვამენ.
ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა, რატომ არის პოლიტიკური ველი ორ პოლიტიკური ძალას შორის გადანაწილებული და რატომ არის საზოგადოება გაყოფილი ორ ნაწილად.
„როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ უფრო გაყოფილი იყო პოლიტიკურ სპექტრი. ვინ ვიყავით – ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში ასე პირდაპირ არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გვქონდა ოპოზიციაში ყოფნის ბიოგრაფია. ეს იყო მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაერთიანება. რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ ფაქტობრივად არ დარჩნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ოპოზიციური გამოცდილება ჰქონდათ, რამდენიმე ერთეული გამონაკლისის გარდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წლისთვის პოლიტიკურმა ლიდერებმა და კოალიციამ, რომელიც დაპირისპირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შეწყვიტეს არსებობა და ჩამოყალიბდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად.
„ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას “, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თქმით, საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმები აიღო და ეს არის რეალობა.
„მე პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას ნაკლებად ვხედავ. ვხედავ ინდივიდებს, რომლებიც არიან პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ჭეშმარიტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ. ასე რომ, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ჰქვია პოლიტიკური დაპირისპირება, ამას ჰქვია პიროვნული თამაშები”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.