პუტინის პასუხი ჩემთვის არის უაღრესად არასასიამოვნო და არ არის ახალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს ნატო-ს სამიტზე ჰქონდა, როდესაც ნატო-ს ოცდაცხრავე ქვეყანამ რუსეთის მიმართ დააფიქსირა, რომ ის არის ოკუპანტი და ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, რუსეთის პრეზიდენტის ასეთი პასუხი არის ის პასუხი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია, გვესმის. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის უაღრესად არასასიამოვნო და არ არის ახალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. „ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.