გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია, „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს
პოლიტიკური კურიოზია, „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV 25-ის ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტის ხსნის, მისი მოსაზრებით, რატომ ვერ ასახელებს მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს.
„საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ერთი ძალიან საინტერესო კომპონენტია, ეს არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს კანდიდატს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემ მიერ კანდიდატურის დასახელება, არდასახელება ან როდის დასახელება. იცით რა არის საინტერესო? რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია ფაქტობრივად, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს და ძალიან მარტივად გეტყვით, რატომ ვერ ასახელებს. 5 წელიწადი რასაც აკეთებდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და რა შეურაცხყოფის, დაკნინების მცდელობის, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვაც ააზვირთეს, ახლა მათმა კანდიდატმა რა უნდა თქვას ამ ყველაფერზე. აი, რომ დაასახელებენ კანდიდატს, ხომ უნდა კითხონ, სადაც გეტყვიან იქ დაჯდები, ხომ? ხომ გამოხვალ იქედან, როგორც გეტყვიან? ხომ არ იტყვის არას. მერე კითხავენ, ვეტოს დაადებ კანონს? როგორ იტყვის, დავადებო. ამის გამო მე ლამის სახელმწიფოს მტრად გამომაცხადეს. იმდენ რაღაცაზე საკუთარ თავს უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა, რომელიც დაგროვდა 5 წლის განმავლობაში, რომ ეტყვიან, შენ ხასიათს გამოავლენ, თუ იქნები ჭკვიანი ბიჭი ან გოგო. იმდენ რამეზე უნდა თქვას ამ კანდიდატმა, ხასიათს არ გამოვავლენ, რასაც მეტყვით იმას გავაკეთებო, იმდენი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საკუთარ თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ურთიერთობის საკითხზეც.
„კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც პარტნიორი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდით, მაგრამ ვმუშაობდი და ვიცოდი, როგორ უნდა მემუშავა. უცებ თქმა, რომ გუნდმა ასე გადაწყვიტა, რომელ გუნდზეა ლაპარაკი? ერთ დღეში პოლიტსაბჭოდან გააქრეს და იმას, ვინ ამას აკეთებს, ამას გუნდს ეძახიან. გუნდი თავის ლიდერებს ასე არ ექცევა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.