გიორგი მარგველაშვილი - პატრიოტული სულისკვეთება უნივერსიტეტში იქმნებოდა და იზრდებოდა
გიორგი მარგველაშვილი - პატრიოტული სულისკვეთება უნივერსიტეტში იქმნებოდა და იზრდებოდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული „უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის“ ღონისძიება ტარდება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნივერსიტეტში იქმნებოდა, იზრდებოდა და აქედან ნაწილდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

„უნივერსიტეტის საზოგადოება 1917 წელს დაფუძნდა, 1918 წელს უნივერსიტეტი, 1918 წელს დაფუძნდა პირველი რესპუბლიკა და 1921 წელს პირველი რესპუბლიკა დამთავრდა. 1921 წელს დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა. სამი წელი იარსება სახელმწიფოებრიობამ. შემდეგ არის 70 წელი. 1917 წელს ფუნდამენტჩაყრილი სულისკვეთება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით, ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელსაც უნდა მოეტანა შემდეგი, ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც უნდა მოეტანა აღტაცება და ერთგულება სახელმწიფოებრიობის მიმართ, რომელსაც მომავალი დამოუკიდებელი საქართველოსთვის უნდა შეექმნა ახალი თაობა, რომელიც თავის თავზე მოახერხებდა და იტვირთავდა ქვეყნის მართვასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. ეს პატრიოტული სულისკვეთება იქმნებოდა აქ, იზრდებოდა აქ და აქედან ნაწილდებოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“ 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი  ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომავალ წელს 100 წელი უსრულდება და ეს იუბილე „იუნესკოს“ ეგიდით აღინიშნება.