გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი ძლიერი პიროვნების გავლენაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს უნდა დავაკისროთ, ვინც თავს კომფორტულად გრძნობს
პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ნაწილი ბატონ ივანიშვილთან კონფრონტაცია იყო და ამის გამო „ქართულ ოცნებას“ ჩემს მიმართ სიძულვილის კარგი მიზეზი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვერ ვპოულობ სხვა მიზეზს, რატომ უნდა წარმოვადგენდე მტერს „ქართული ოცნებისთვის“. თუმცა ვფიქრობ, ეს ნორმალურია, მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები პოულობენ მიზეზს, რომ სძულდეთ ერთმანეთი. ამიტომ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო კარგი მიზეზი, რადგან ბიძინას მე არ მოვწონვარ და ისინი ამას ხუთი წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ეს იყო მძიმე დასაწყისში, ეს იყო გამოწვევა შუაში და ახლა, პრეზიდენტობის ვადის დასასრულს ეს მოსაბეზრებელია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ძლიერი ადამიანები არ არიან პრობლემა საზოგადოებისთვის, საზოგადოებისთვის პრობლემა სუსტი ადამიანები არიან.
„პრობლემა არიან სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც იმალებიან წარმოდგენითი ძლიერი ლიდერის უკან. პრობლემაა სუსტი სამთავრობო მაღალჩინოსნები, რომლებიც ამბობენ – ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს სხვისი ბრალია. მჯერა, რომ ჩვენ ნებისმიერი ძლიერი პიროვნების ნებისმიერი სახის გავლენაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს უნდა დავაკისროთ, ვინც თავს ასე კომფორტულად გრძნობს. მე ვისურვებდი, საქართველოში უფრო მეტი მდიდარი, ძლიერი პიროვნება ყოფილიყო ბევრი ფულით ინვესტიციებისთვის ან ძლიერი ლიდერი, ვიდრე სუსტი პრემიერ-მინისტრი, სუსტი მინისტრები, სუსტი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს ნებისმიერი ლიდერის ჩრდილის ქვეშ. ვფიქრობ, ეს არის გამოწვევა ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.