გიორგი მარგველაშვილი - მივმართავ მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და მოახდინეთ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესზე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა, გამოიყენონ საკუთარი კავშირები და მოახდინონ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
ამასთან, მარგველაშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მათ ასე მოსწონდათ, საფრთხის წინაშეა.
„აქედან მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულიკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.