გიორგი მარგველაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია იმ ინტენსიური დისკუსიების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან მიმართებით მიმდინარეობდა. როგორც მე, ასევე ჩემი მრჩევლები, საპარლამენტო მდივნები შევხვდით ამ დისკუსიის ფაქტობრივად ყველა მხარეს და მოგვეცა შესაძლებლობა, როგორც კანონის მოწინააღმდეგეების, ისე მომხრეებისთვის მოგვესმინა. კანონის მოწინააღმდეგეების მხრიდან წამოჭრილი ბევრი საკითხი განმარტებული იყო ჩემთვის მაუწყებლის პოზიციის გაცნობით.
თუმცა, დარჩა ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღესაც კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი. პირველი ეხება მედიის სარეკალამო ბაზრის საკითხს, ანუ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის მეშვეობით ვაფინანსებთ. მე მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს მაუწყებელი.
საქართველოში ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი დამოუკიდებელი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ამ ბაზარზე ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაუწყებელი შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე, ჩემი აზრით, არის პრობლემური, რადგან მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან მედია რეალურად ჩვენს ქვეყანაში მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, არ ექნება საარსებო რესურსი და მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე, არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან – მედიამრვალაფეროვნებასთან, ხოლო როდესაც ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომელიც დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით, თან მინდა აღვნიშნო, ეს დაფინანსება ისეთი დიდია, რომ ეს სარეკლამო ბაზრის ფაქტობრივად ნახევარს წარმოადგენს, როცა ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე შედის კონკურენტულ ბაზარში, ბუნებრივია, კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შეიძლება შედეგად მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთის დაზარალება, რაც ჩემთვის მიუღებელია“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება შესყიდვების საკითხს, როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, შესყიდვების მოქმედი წესი პრობლემას უქმნის ყველა სახელმწიფო უწყებას, თუმცა რასაც არსებული კანონი გვთავაზობს, არის რეგულაციების საერთოდ გაუქმება.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონში სამწუხაროდ არ არის ადეკვატურად გაწერილი, არის შესყიდვების საკითხი. სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც ჩემი მხრიდან არაერთხელ იქნა გაზიარებული, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ პრობლემას უქმნის, როგორც მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და მათი საქმიანობის ნაწილია. თუმცა, მეტიც, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით ჩემი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წლიდან. თუმცა, ის რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის არა ჩანაცვლება ხისტი, არსებული კანონისა უკეთესი ევროპული სტანდარტით, არამედ საერთოდ გაუქმება იმ რეგულაციების, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფულით იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. მივესალმებოდი, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის აღწერილი კანონში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ მიერ წარდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ეს საქართველოს პრეზიდენტის მეთერთმეტე ვეტოა.