გიორგი მარგველაშვილი - მაქვს კონკრეტული არჩევანი, კალაძე და მელია, მე შემოვხაზავ ოპოზიციას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემს.
„მე, როგორც თბილისის მოქალაქეს, არჩევანი არ მაქვს მესამე პარტიასთან მიმართებაში. მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია. რა გავაკეთო? უარი ვთქვა ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და არ მივიდე არჩევნებზე, მივიდე გაბრაზებული და ბიულეტენი დავხიო ან შიგნით რაიმე სასაცილო დავწერო იმ იმედით, რომ მეორე დღეს მედიაში აჩვენებენ ამ ბიულეტენს, თუ მივიდე და გავაკეთო არჩევანი? მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის, ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას. შემოვხაზავ ოპოზიციას, რადგან მე ვიცი, რომ დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, ქურდობას, თაღლითობას, აბსოლუტურად თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში, აღარავინ აჩერებს. პირიქით – ჩემი შთაბეჭდილებით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ ხალხის ფული, რამდენიც შეგიძლიათ და იყოს ეს ხალხი მშიერი. ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე – ასეთი ფორმულით ვუყურებ. ასევე, მოვუწოდებ მცირე პარტიებსა და მცირე ოპოზიციურ ძალებს – ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სამუდამოდ უნდა გაერთიანდეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გარყვნილება, ქურდობა მორჩეს, საჭიროა ძლიერი ოპოზიციური ძალის მიყვანა ქალაქში. მე არ მაქვს არჩევანი რომელიღაც სხვა პარტიას შორის. მე მაქვს არჩევანი იმ პარტიას შორის, რომელ კანდიდატთანაც დაპირისპირებული ვარ. მაგრამ მე შემოვხაზავ არა იმ პოლიტიკურ ძალას, არამედ ოპოზიციას, და შემოვხაზავ იოლად, რადგან ვიცი, რომ იმ გარყვნილებას სხვანაირად ვერ გავაჩერებ. ხვალ ისევ ცალკე ვიქნები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესა და გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებაზე, აბსურდია.
მისი თქმით, სააკაშვილი დღეს პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის გასამართლების მორალური და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.
„სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული. არ ვლაპარაკობ იმ დანაშაულებზე, რაც წარდგენილი აქვს, რადგან მათთან დაკავშირებით, ჩემი პრეზიდენტობის დროსაც ვთქვი, რომ აბსურდი იყო. „პიჯაკების საქმეზე“ გრიფსაც არ ვხსნიდი, აბსურდი იყო, და ესეც ნათქვამი მაქვს. და მეორე საქმე, რომელიც ეხება გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებას – ესეც აბსურდი იყო. შეუძლებელია, ამ მუხლით სისხლისსამართლებრივად გაასამართლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს უფლება ექსკლუზიურად მიცემული აქვს კონსტიტუციით. სააკაშვილის გასამართლების მორალური და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს ამ ხელისუფლებას. მიმაჩნია, რომ მას საპასუხო ქართველი ხალხის წინაშე აქვს, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ წინაშე. კომიკურია ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შენი ყველა ნეგატივი აიღო და განამტკიცა, აიღო თავის მთავარ სამოქმედო სისტემად, გააძლიერა ყველაფერი, მოსმენები გააძლიერა, პოლიტიკური დევნა. თავისი მასწავლებელი და საფუძვლის ჩამდგმელი რა უფლებით და რა მორალური არგუმენტით უნდა გაასამართლო.
მიმაჩნია, რომ დღეს სააკაშვილს ვერ გაასამართლებს „ქართული ოცნება“. მაშინ მიმაჩნდა, რომ სააკაშვილი ჩვენ გავასამართლეთ პოლიტიკურად, რადგან ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას. სააკაშვილთან მიმართებაში, კითხვა, არის თუ არა ის ნომერ პირველი პოლიტიკური მტერი, ცხრა წლის თავზე აღარ არსებობს. აბსურდი გახდა ის დამოკიდებულება, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის მიმართ. აღარაფერზე ლაპარაკობს სააკაშვილის გარდა. არარეალური ფიგურა გახადა. მშენებლობა არა, განვითარება არა, რკინიგზა არა, ნათელი მიზანია სააკაშვილთან ბრძოლა. პოლიტიკოსთან ასეთი დაპირისპირება თავისთავად გამორიცხავს, რომ შენ შეიძლება იყო ობიექტური საკუთარ განსჯაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.