გიორგი მარგველაშვილი - მადლობა ესტონეთსა და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის
გიორგი მარგველაშვილი - მადლობა ესტონეთსა და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის

ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო მიღებას ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელიც ესტონელ და ქართველ ხალხს აკავშირებს. საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოფენა დ ასევე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბოლო ასი წლის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს.

მიღებაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და ქართული დელეგაცია ტალინში სწორედ ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებიან. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი 6 ქვეყნის პირველ პირთან ერთად მონაწილეობას ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გაჭირვებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო ამაღელვებელია, როდესაც ერთად ვზეიმობთ და ერთმანეთს საუკეთესო ემოციებს ვუზიარებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ესტონეთს და ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის. ასევე მადლობა თქვენ, რასაც ევროპის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ. მე უზომოდ მოხარული ვარ დღეს ამ ქალაქში ყოფნით და შესაძლებლობოთ, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ მეგობრებს, რასაც ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აკეთებენ ასი წლის წინ და რასაც აკეთებდნენ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. როდესაც პოლიტიკოსებს გააჩნიათ ხედვა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად ძლიერია ქვეყნის სამხედრო ძალა, სწორედ ეს ხედვები აყალიბებს და ცვლის კაცობრიობის მომავალს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველები და ესტონელები საერთო ღირებულებებს იზიარებენ, ეს ხედვები აისახება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით – თავისუფლების სიყვარული.

„ჩვენ მზად ვართ, საკუთარი თავი და სიცოცხლე სრულად მივუძღვნათ ამ ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, შეუძლებელია, რომ პატივს არ სცემდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავისუფლებას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რადგან ეს ღირებულება უნივერსალურია და აერთიანებს ადამიანების გულებს და ემოციებს. საქართველო და ესტონეთი ერთად ემსახურებიან ამ მიზანს. მინდა, მოგილოცოთ და თითოეულ თქვენგანთან ერთად ვიზეიმოთ საქართველოს და ესტონეთის ასი წლის იუბილე. ეს იყო დრო, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და დღეს ვემსახურებით მის შენარჩუნებას და მისთვის ბრძოლას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ხალხს და ასევე გავიხსენო სამწუხარო ფაქტი, საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის 10 წლის თავი. ჩვენ არ დავნებდებით იმ იმედით, რომ საქართველო შეძლებს დამოუკიდებლობის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასობაში ჩვენ განვაგრძობთ თქვენი მოსაზრებების ღიად და გულწრფელად გამოხატვას მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღსადგენად. იმ დროს ჩვენს ხალხს მოთმინება, სტრატეგიული მოთმინება გააჩნდა, სანამ წარმატებას მიაღწევდნენ. ეს უნდა გვახსოვდეს და იმედს გვაძლევდეს. ამ პროცესს რომ დრო სჭირდება უნდა შევახსენოთ მათ, ვინც იმედს კარგავს”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველაფერს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს ევროპული გზა.

„ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცი, რომ თქვენც ყველაფერს აკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე. ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ გეხმარებით და გთხოვთ, რომ იმედი არ გაგვიცრუოთ და განაგრძოთ რეფორმების გზა, რომელიც აირჩიეთ. გთხოვთ, განაგრძოთ იმის ჩვენება, რომ თქვენ წარმატებულნი ხართ ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, როგორზეც სხვა ევროპის ქვეყნები იკითხავენ, თუ რატომ არ არის ის ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ სწორედ ეს დაისახეთ მიზნად და ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროგრესის მომსწრე გავხდებით. ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ევროკავშირთან. ჩვენ ასევე ერთად ვართ ნატო-ს სამიტისთვის სამზადისში იმ იმედით, რომ ის თავდაცვის სფეროში ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გარანტიების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის“,- განაცხადა ესტნეთის პრეზიდენტმა.