გიორგი მარგველაშვილი ლევილის ბიბლიოთეკიდან ნათარგმნი წიგნის „საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წელს გამოცემული წიგნის “საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ” თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული კრებულის ფრანგულიდან თარგმნა და გამოცემა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს და ისტორიკოსებს პირველი რესპუბლიკის პერიოდის შესახებ კვლევების წარმოებაში. ამ მიზნით, შეირჩა ლევილის ბიბლიოთეკაში დაცული 3 წიგნი: „საქართველო ბოლშევიკური არმიის დომინაციის ქვეშ“, 1921 წლის გამოცემა; „ანრი ბარბუსი, საბჭოები და საქართველო“, დათიკო შარაშიძე, პარიზი, 1929. „საქართველოს საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“, კონსტანტინე კანდელაკი, პარიზი, 1953.
ამ დროისათვის თარგმნილია მხოლოდ ერთი წიგნი. პროექტი განახორციელა ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა ნოე ჟორდანიას შთამომავლებს ქრისტინე ფაღავასა და ირენ ციციშვილს, ასევე საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, რომელმაც განსაკუთებული წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
“დარწმუნებული ვარ რომ ეს ნაშრომები ბიძგს მისცემს ჩვენი ისტორიის ამ პერიოდის შესწავლას და უფრო ადეკვატურ გააზრებას რაც მოხდა, ერთი მხრივ, საქართველოში და მეორე მხრივ, ეს რა ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენლები იმ ისტორიულ უსამართლობას რაც საქართველოში მოხდა. მთელს ამ პროცესში მადლიერება მინდა გამოვხატო ორი სახელმწიფოს საფრანგეთის და პოლონეთის მიმართ. საფრანგეთის, რომელმაც სავანე მისცა ჩვენს პოლიტიკურ ემიგრაციას, ბოლშევიკების მიერ დევნილ მთავრობასა და ადამიანებს. და პოლონეთს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის, არამედ ევროპის ტერიტორიაზე კონკრეტულად, ქართული იდეის შენარჩუნების საქმეში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტისას ჩაეყარა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ლევილს სტუმრობდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის “ლევილის ბიბლიოთეკის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად.