გიორგი მარგველაშვილი კვლავ არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე.
პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს NDI-ის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამომრჩეველი თუ პოლიტიკური სპექტრი დაბნეულია.
„ყველაფერი გავაკეთეთ ხუთი წლის განმავლობაში, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები ქვეყნის მთავარ ინსტიტუტთან დაკავშირებით. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობები უფლება, რომ ფაქტობრივად, მოქალაქეობის უფლების ნაწილში იუსტიციის მინისტრის გადასწყვეტი იქნება ეს საკითხი.
აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დაბნეული არიან, ასევე დაბნეულია პოლიტიკური სპექტრი. ბევრი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორიც არის უშიშროების საბჭო და სხვა.
შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ.
ჩემ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული, მათ შორის, ეს ფაქტორებია, რომელიც, მე ჩამოგითვალეთ.
ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივათ გული. ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.