გიორგი მარგველაშვილი - კითხვა, რატომ წავიდა გიორგი კვირიკაშვილი, პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში
პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვები პარტნიორებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებს აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვინმე ახსნის, თუ რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი. არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი, გავიგოთ, რომ გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ისე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა და ამ დროს, მაისში იმხელა ეკონომიკური ზრდა გვქონია, რომელიც საერთოდ არ ჰქონია საქართველოს. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი, რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და სახელმძღვანელობიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება, რა დააშავა ამ ადამიანმა, ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში. აღარ გვეკითხებიან, გვეშველება რამე? გვეკითხებიან კვირიკაშვილი რატომ წავიდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.