საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის უფროსთან და მრჩევლებთან ერთად, ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა, ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა და ახალი, 2018 წელი მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარში ცენტრის დირექტორმა ლუდმილა სალიამ უმასპინძლა და ბენეფიციარების წინაშე არსებული პრობლემები გააცნო. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს ფინანსურად დაეხმარება.
პროექტი, რომელიც გერმანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზააციის “არბაიტერ სამარიტერ ბუნდი (ASB)” და ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი” მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დღეს დაფინანსების წყაროებს ეძებს და საქმიანობის გაგრძელებას ამჟამად თვითდაფინანსებით ცდილობს.
თავშესაფარი ხანდაზმულებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. მათ შორის, 24 საათიან მომსახურებას, დღის ცენტრისა და შინმოვლის მომსახურებას.
პრეზიდენტის ადმნისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავშესაფარმა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოხუცებს უვლიან და დახმარებას სთავაზობენ, გააგრძელოს ფუნქციონირება.
,,იყო გარკვეული ფინანსური პრობლემები და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადად დაფინანსდა მოხუცთა თავშესაფარი და ამავდოროულად საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა მოხუცთა თავშესაფარს, რომ მომდევნო წლიდანაც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.
თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი და მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა დონორებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მოქმედმა თავსესაფარმა განაგრძოს მუშაობა, არ შეფერხდეს, რადგან იმ საქმიანობის გარდა, რასაც იგი ახორციელებს მას კიდევ უფრო დამატებით სიმბოლური დატვირთვაც აქვს”, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.