გიორგი მარგველაშვილი ითხოვს, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად დაფიქსირდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ნატო-ს წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ბრიუსელის სამიტზე და სამიტზე წარსადგენ ერთიან პოზიციაზე. აუცილებელია, ივლისში დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი. სამიტამდე 26 მაისი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნატო-ს ლიდერებს ვესაუბროთ და გამოვიყენებთ ამ მნიშვნელოვან პლატფორმას, რათა ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ასოცირებული ქვეყნებიდან მოწინავეა.
„ამ თვალსაზრისით , საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომლებიც მიგვიყვანს წევრობამდე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პირველი არხის კითხვაზე, რას ითხოვს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნატო-ს სამიტზე – ორგანიზაციის წევრობას თუ წევრობის სამოქმედო გეგმას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას მოითხოვს.
„საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს ნატო-ს წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას. პროგრესი არსებობს და ამას ნატო-ს ყველა წევრი აღიარებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.
„რაც შეეხება ნატო-ს, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, თავდაცვის რეფორმას, მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, რომ შესაძლებელია განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზებაზე , ნატო-ში ინტეგრაციაზე ამაზე ვართ და უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები ასეთი შეხვედრების დროს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: მზადება ნატო-ს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, აშშ-ისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.