გიორგი მარგველაშვილი - ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს. საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან ძალისხმევას, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით დარეგულირდეს.
„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა ბრიუსელში ჩამოსვლა, რათა განვიხილოთ ჩვენი მომავალი, საერთო გეგმები და ღირებულებები, რომლის მეშვეობითაც წლების განმავლობაში ვცდილობთ უკეთესი ევროპის, უკეთესი სამყაროს აშენებას და აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით თქვენგან, ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს – ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისი და უვიზო მიმოსვლის ფორმატში.
რეალურად, ამ გზაზე ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას. ევროპა გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაკავშირებს არაერთი საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატი, რომლებიც მჯერა, რომ მომავალში უფრო განვითარდება და გაფართოვდება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის ფორმატში საქართველოს მთავრობამ უკიდურესად აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიჭირა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება განმეხილა ჩემი მთავრობის აქტიური ჩართულობა ყველა იმ საკითხში, რომელიც დაყენებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იქნება ეს უვიზო გადაადგილება, თუ სხვა საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას ევროპული ფორმატის შესაბამისად. კერძოდ, უვიზო მიმოსვლის ფორმატში საქართველოს მთავრობამ უკიდურესად აქტიური და პასუხისმგებლიანი პოზიცია დაიჭირა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რათა ეს თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო ეფექტიანი, ფუნქციური და ხანგრძლივი.
მე გაგიზიარეთ ჩვენი ხალხის მწუხარება და ტკივილი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილით; სამხედროსი, რომელიც იცავდა გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, იბრძოდა უფრო მდგრადი და დაცული კაცობრიობისთვის. ის მოკლეს, მისი ცხედარი კი, ამ დრომდე არ გადმოუციათ. ასევე ტყვეობაში არიან საქართველოს სხვა მოქალაქეები. მე მოვედი აქ, რათა ჩემს მეგობრებს გავუზიარო ეს მწუხარება და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, სიმართლის გარკვევაში დახმარებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის ნუგეშის მიცემისთვის.
ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ვრცელი დღის წესრიგი. დღეს განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მაშ შორის: ეკონომიკის სფერო, განათლება, პოლიტიკური პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თარიღი, რომელსაც ჩემი ერი, სხვა თავისუფალ ქვეყნებთან ერთად, აღნიშნავს- საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელი, რომელიც 1918 წელს დაარსდა. ჩვენ, როგორც ერი, გაერთიანებული ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის გარშემო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუზიარებთ ამ განწყობას ჩვენს მეგობრებს და ვიმედოვნებ, თქვენც.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული ევროპული პროცესის შექმნა საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
დონალდ ტუსკმა, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.