გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს ხვდება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს ხვდება.
პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრამდე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ესტონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატებში ახდენს საქართველოს ინტერესების ადვოკატირებას.
„შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი, რათა კიდევ ერთხელ განხილულ იქნას მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს იქნება.
ამასთან, მისი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების პრობლემატიკა.
„უაღრესად სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ კერსტი კალიულაიდი არჩილ ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო, როგორც ყველა დაღუპული გმირების ხსოვნას“, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ამასთან, მისი თქმით, ესტონეთის და მსგავსი პარტნიორების დახმარებით საქართველოს თემა აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში.
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ის თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მონაწილეობს.